სამართალი
არჩევნების ან პარლამენტის ბოიკოტი – როგორ უპასუხებს ოპოზიცია „ოცნების“ გადაწყვეტილებას

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, ქართულ ოპოზიციაში განიხილავენ მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორისაა პარლამენტის ბოიკოტი და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა. ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შეთანხმების პუნქტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ოპოზიცია აღაშფოთა.

„ქართულმა ოცნებამ“, მისმა ე.წ. ლიდერებმა ნახეს, რომ 43%-ის კი არა, 40%-ის აღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ“, - განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად მოსახლეობას რეპრესიები გამოუცხადა და პრაქტიკულად უარი თქვა პროდასავლურ კურსზე.

იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პროდასავლურ კურსზე, ეთანხმება ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

„ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესაა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის!“, – განაცხადა სამნიძემ.

სანამ ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი შემოიფარგლა კრიტიკით, მეორე ნაწილი სამოქმედო გეგმას განიხილავს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა. მაგრამ ყველა ოპოზიციონერი არ არის მზად გაჰყვეს ჯაფარიძეს.

„ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ამ ნაბიჯზე არის პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ჯერჯერობით არ აპირებენ პარლამენტის დატოვებას არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.

პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო ეს თამაში, რათა ოპოზიციამ გამოუცხადოს პარლამენტს ბოიკოტი და დაუტოვოს მას საკანონმდებლო ძალაუფლება, რათა მან შემდგომში განაცხადოს, რომ ვერ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

მან მოუწოდა ოპოზიციას გადაწყვეტილებების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების დასრულებას დაელოდონ.

არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „მოქალაქეები“.

„საკონსტიტუციო ცვლილებები გადასარჩენია“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.

ამ შეთანხმებას 2020 წლის ნოემბრიდან დაწყებული პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაეჭრა. ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

მიუხედავად ამისა, „ნაცმოძრაობა“ დოკუმენტზე ხელმომწერ ექვს ოპოზიციურ ძალასთან ერთად პარლამენტში შევიდა, თუმცა კრიზისი ამით არ ამოწურულა.

ივლისის დასაწყისში სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ კვლავ გადაწყვიტა პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, რის მიზეზიც თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გახდა, როდესაც ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული ტრავმების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მომხდარი ფაქტიდან ექვს დღეში გარდაიცვალა.

Sputnik-Georgia