სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი“

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განცხადებას.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას შეუძლებლად მიაჩნია „რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა“.

„ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და საერთაშორისო იმიჯზე. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არცერთი ტიპის ხელშეკრულებას არ იცავს და უკვე საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი აქვს. რანაირად უნდა იცხოვროს ამ სახელმწიფოში მოქალაქემ, როგორ უნდა დადოს ბიზნესში, სამართლებრივ საკითხებში ხელშეკრულებები, რადგან გარანტი, სახელმწიფო არის არაერთგზის სტაჟიანი საერთაშორისო თაღლითი.

მიზეზი არის ერთის მხრივ ნათელი სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ, ყველა რესურსის მობილიზაციის ფონზეც კი, მათ შორის დარღვევების ფონზე, რომელიც შარშან განხორციელდა, ახლოს ვერ მიდის უზურპატორი ძალაუფლება იმ ბარიერთან, რომელსაც ხელი მოაწერა. ჩემი აზრით, ამის უკან დგას კიდევ შეგულიანება და მხარდაჭერა უფრო სხვა ძალის, რომელიც აძლევს სხვა გარანტიას ამ ჯგუფს, რომ უტიფრად შეინარჩუნებენ ხელისუფლებას ძალით, მოტყუებით, შანტაჟით, ჟურნალისტების ცემით. ასეთი ძალა არის მარტო ჩრდილოეთით და ასეთი ძალა არის მარტო რუსეთი. რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა როგორც ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, პოლიტიკაში ჩაუხედავი პერსონებისგანაც კი შეუძლებლად მიმაჩნია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ლოგიკური იქნება სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ხელშეკრულება დაარღვია.

„დღეს, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი გაითელა ფეხქვეშ ისევე, როგორც გაითელა ევროკავშირის დროშა, მე უკვე აღარ ვიცი რას მოველოდე. აქამდეც ბევრად უფრო მკაცრ პოზიციას მოველოდი ევროკავშირისგან. ამ დოკუმენტის უკან დგას ევროკავშირის და კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის პოლიტიკური წონა. როდესაც ვიღაც უგულვებელჰყოფს ამ დოკუმენტს, ის ვეღარ იქნება შენი "ვიზავი". მასთან უკვე დოკუმენტზე შენ მომავალ ხელმოწერებს აზრი აღარ აქვს. თუ პოლიტიკოსებს შორის დაირღვა ერთიდაიგივე დოკუმენტზე ხელმოწერის პრეროგატივა, შესაბამისად, დაირღვა ნებისმიერი საფუძველი ერთმანეთთან ლაპარაკის. როგორ შეიძლება მომავალში გაესაუბრონ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ევროკავშირის წარმომადგენლები, როდესაც მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე წინაპირობა გაქრა. შესაბამისად, რაღაზე შეიძლება ისინი ოდესმე ესაუბრონ ერთმანეთს?!“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, პირველი ნაბიჯი, აბსოლუტურად ბუნებრივი არის ის, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი. მისივე შეფასებით, ეს არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია.