პოლიტიკა
პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ რფ–ის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინს ღია წერილით მიმართა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა თავის facebook-გვერდზე განათავსა ღია წერილი პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინს (42 ხელის მომწერი) და მას ქვემომოყვანილი კომენტარი დაურთო:

„ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას დიდიხანია არაფრად აგდებს.

ვფიქრობ, ასევე, ყველას ესმის, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ისინი ერთმანეთს უსასრულოდ ურიგდებიან, ერთმანეთს უსასრულოდ ატყუებენ, ქვეყანას ანგრევენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა ანადგურებენ.

და ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!

ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში.

კერძოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო-საზღვარო ძალების უწყვეტი წვრთნები მუდმივი კონტროლის ქვეშაა და რომ არამეგობარი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მხრიდან ყველა პროვოკაციულ მცდელობას გაეცემა მკაცრი პასუხი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით უკვე შეხებაშია რუსეთის საზღვრებთან და ეს ავალდებულებს რუსეთს, მიიღოს უსაფრთხოების ზომები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება ნატოს წვრთნებს საქართველოში და საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად მიიღებს სამხედრო-ტექნიკურ და სხვა აუცილებელ ზომებს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სოხუმსა და ცხინვალში.

ამგვარად, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის თეატრია!

რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი და არჩევნების გამყალბებელი ირაკლი კობახიძე გვარწმუნებდა, რომ პასუხისმგებლობითაა აღვსილი, რაც ტყუილია!

სწორედ უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო.

დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!“.

ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს

2021 წ. 1 აგვისტო

თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო!

მიიღეთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი უდიდესი პატივისცემა და ნება გვიბოძეთ გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამუდმებულ გაუარესებასთან დაკავშირებით და გაცნობოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჭეშმარიტად წრფელი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე.

ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანის მიზნით, მოცემული წერილის ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს ქართველ და რუსულ დეპუტატებს შორის “დიალოგის ჯგუფის” ფორმირებაში, ასევე, ქართველი, რუსული, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით “ვენის ფორმატის” შექმნაში. “დიალოგის ჯგუფის” და “ვენის ფორმატის” ფარგლებში შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფცია და 2020 წ 1-ლი მარტიდან 2020 წ 15-ოქტომბრამდე ანუ 7.5 თვეში საქართველოში ჩატარდა აუდიოგამოკითხვა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია 2.5 მლნ მეტ ადამიანს, აუდიოგამოკითხვაში მონაწილეობდა 900 000-ზე მეტი რესპონდენტი, რომელთაგან 69,4%-მა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტს! ამასთან, პარალელურად, წლის განმავლობაში 1,2 მლნ ადამიანმა შეავსო გამოკითხვის ანკეტები და 69,4%-მა მხარი დაუჭირა ნეიტრალიტეტს, ხოლო 75,8%-მა დიალოგს რუსეთთან! პერსონალური მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როდესაც გაიგო გამოკითხვის მასშტაბის შესახებ, გამოიკვლია აუდიოჩანაწერები და მოითხოვა გვარებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წაშლა. 900 000 უსახელო აუდიოჩანაწერის ასლი გადაეცა ეუთოს მისიას, ნატოს წარმომადგენლობას, აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებს.

გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა 2020 წლის ოქტომბერში, რაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერის და გამოკითხვის შედეგებში ეჭვი არავის შეუტანია და არავის გაუპროტესტებია. მაგრამ, გამოკითხვის შედეგების განხილვის მაგივრად, მმართველმა პარტიამ, და ექს-პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანებულმა პარტიებმა, ასევე დასავლური პარტნიორების მიერ ფინანსირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ორგანიზატორები დავითი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი იმაში რომ ისინი არიან კრემლის აგენტები და სრულიად უსაფუძვლო, ფეიკ-საბუთების დემონსტრირებით, რომლებიც ვითომ და გაჟონა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ითხოვდნენ გამოკითხვის ორგანიზატორების დაკავებას.

ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “რუსული შემადგენელი” აღარ უნდა არსებობდეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა,რომ საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს აშშ-ის პოზიციით.

აღნიშნულმა დეტალებმა მკვეთრად გვიჩვენა, რომ საართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავდება და მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქმნის რუსეთთან ურთიერთობის ილუზიას, სინამდვილეში კი ცდილობს აღმოფხვრას ორმხრივი მოგვარების ნებისმიერი მცდელობა და “მორიგი ქულები” დაიწეროს დასავლელ პარტნიორებთან.

ასევე მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ “დიალოგის ჯგუფის” და “ვენის ფორმატის” მუშაობა და მთლიანად კონტაქტები რუსეთის დუმასთან, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ფრდერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთლიანად გაყინულია, რაც საერთოდ არ შედის საქართველოს ინტერესებში.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენ თქვენი დახმარების იმედით ჩვენი თანამშრომლობის განახლების საკითხში სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. თქვენი დახმარება უკიდურესად აუცილებელია ასევე, ერთიანი მედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს იმის შეგნებას, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ღია და მეგობრული ორმხრივი ურთიერთობების აშენება მხარეთა ინტერესების რეალური გათვალისწინების საფუძველზე.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს უღრმეს პატივისცემას თქვენდამი, ბატონო პრეზიდენტო.

ხელმოწერილია 4 დედან ეგზემპლარად. ხელი მოაწერა 42 ადამიანმა“, – ნათქვამია წერილში.