პოლიტიკა
ღარიბაშვილი: გახარია არის მაზაკვალი მოღალატე

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. “ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაზაკვალი მეგრული სიტყვაა და ქართულად ეშმაკს, მზაკვარს ნიშნავს.

“კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ- შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი.

მთელი გუნდი და პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს ისე, როგორც მთლიანი გუნდი…გახსოვთ, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა… ძალიან ბევრი [შეცდომა იყო], თუნდაც იმ კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ- პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ- გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ღარიბაშვილის თქმით, გიორგი გახარიას მთელი გუნდი გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა ჩართული იყო მის გასაძლიერებლად.

“ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე და ქვეყანა ასეთ დროს მიატოვა. ალბათ, მსოფლიოს ისტორიაში ანალოგია არ მოიძებნება, რომ პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ, როცა წინა საათებში დაჟინებით ითხოვდა მის დაკავებას.

ამის შემდეგ გახარია გამოვიდა და თქვა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებდა. ის და მისი გუნდი მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. ამის შემდეგ მეორე სიცრუე გაავრცელა, თითქოს “ქართულ ოცნებაში” შესაძლო კოალიციაში პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გიორგი გახარია “ქართულ ოცნებაში” ნდობას არ იმსახურებს.

პრემიერის თქმით, ღალატის არაერთი პრეცედენტი გვინახავს, “ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩათვლით, თუმცა გახარია განსაკუთრებული შემთხვევაა”.