უცხოეთი
ტერორისტული „ალ-ქაიდა“ თალიბებს შეუერთდა: ცნობას წინააღმდეგობის ფრონტი ავრცელებს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. „თალიბანის“ მებრძოლებს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ შეუერთდა, ნათქვამია ავღანეთის პანჯშირის პროვინციაში გამაგრებული წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) „ტვიტერზე“.

„ალ-ქაიდა“ თალიბებს შეუერთდა, რათა ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტს ებრძოლოს. შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია, ისტორია მეორდება“, — ნათქვამია ფრონტის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც NRFA წერს, შეჯახებები თალიბებთან გრძელდება, ამბოხებულებმა ღამის განმავლობაში 350 თალიბი გაანადგურეს და მათი შეიარაღება ხელში ჩაიგდეს.

თავის მხრივ „თალიბანმაც“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრძოლებში წინააღმდეგობის ფრონტის 34 წევრი მოკლეს, მათ შორის, ორი მეთაური.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „თალიბანი“ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას აპირებდა პანჯშირზე, ვინაიდან „ფრონტის“ ლიდერ აჰმად მასუდთან მოლაპარაკებები ჩავარდა. 1 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ პროვინციაში ექვსი ავანპოსტი დაიკავეს, თუმცა NRFA-ს წარმომადგენელმა ფაჰიმ დაშტიმ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ თალიბების ყველა შეტევა მარცხით დასრულდა.

sputnik-georgia.com