აქტუალური
აშშ ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებსა და ქაბულიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხო, ასევე სწრაფი ევაკუაციის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნიდან 123 000 ათასი პირი, მათ შორის ამერიკის 6 000 მოქალაქეა გაყვანილი.

ამ კუთხით ნულანდმა აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ქაბულში დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნულ ქვეყნებს შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ ქვეყნების იმ უზარმაზარი ქსელისა, რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ევაკუაციის პროცესში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს – ბაჰრეინს, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, კოსოვოს, ქუვეითს, პაკისტანს, კატარს, ესპანეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვებს, მათ, ვინც ხელი შეუწყო ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ასევე იწყებს ურთიერთობების გაფართოებას ავღანელ ხალხთან და „თალიბანთან“.