აქტუალური
კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევთან დაბრუნება არასდროს არის გვიან

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა. ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.

„მოგეხსენებათ, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს.

ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.

მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას გუშინ მოაწერა ხელი მოწერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.