უცხოეთი
აბაშიძე და კარასინი პრაღაში შეხვედრას ოქტომბერში გეგმავენ

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტებზე ისაუბრა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა შესაძლოა ოქტომბერში გაიმართოს. ამის შესახებ Газета.Ru-ს კარასინმა აცნობა.

რუსმა დიპლომატმა სინანულით აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგას COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გასაგები მიზეზების გამო წელიწად-ნახევარია, არ შეხვედრია.

„ორიოდ დღის წინ ვესაუბრე მას და, სხვათა შორის, აქტიურად ვაგრძელებთ ურთიერთობას ვიდეოკონფერენციების რეჟიმში ორივე მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ოქტომბერში, შესაძლოა, ოქტომბრის მეორე ნახევარში, პირისპირ შეხვედრასაც შევძლებთ“, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, მუშაობა მხარეებს შორის გრძელდება.

„და, ბუნებრივია, როდესაც ადამიანები მუშაობენ, იმის იმედიც აქვთ, რომ მოახერხებენ მთავარს - ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ამის იმედს დავიტოვებთ და ამ მიზნისკენ ვივლით“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი სიტყვებით, აბაშიძესთან დიალოგის ფარგლებში განიხილება ორმხრივი - სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები. კარასინმა დასძინა, რომ აქტუალურია ასევე საავიაციო მიმოსვლის აღდგენა, მაგრამ ამას ხელს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უშლის.

„საქართველო გარესამყაროსთვის დახურულია. რომელ საავიაციო კავშირზე მესაუბრებით? ის გარესამყაროსთვის ერთი წლის წინ ჩაიკეტა - არავის უშვებდნენ არც ქვეყანაში და არც ქვეყნიდან. ამიტომ თემა კვლავ აქტუალურია, იხილება, მაგრამ ყველაფერი, პირველ რიგში, COVID-19-თან ბრძოლაზეა დამოკიდებული“, - ხაზი გაუსვა სენატორმა.

ამას წინათ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მზადაა გრიგორი კარასინთან სასაუბროდ ოქტომბრის დასაწყისში, მათ შორის, ავიაკავშირის აღდგენის საკითხზეც.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აგრეთვე ამოქმედდა პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული.

sputnik-georgia.com