პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში მყოფი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს ოკუპაციასთან დაკავშირებული არსებული ვითარება გააცნეს.

ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო.

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთოხების და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და ნახო, როგორ გამოყურება საოკუპაციო ზონა“, – აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტეილმა.

ალექს მუნის განცხადებით, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების, ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია, გააგებინონ რუსეთს, რომ ყურადღებას აქცევენ საკითხს და ღრმად არიან შეშფოთებული იმ აგრესიით, რომელსაც აქვს ადგილი.

სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას“, – განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

კონგრესმენ როლანდ ესტესის თქმით, მნიშვნელოვანია, ნახონ, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გაკავშირებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია, ვნახოთ, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა“, – აღნიშნა როლანდ ესტესმა.

ამასთან, კონგრესმენ კელი არმსტონგის თქმით, მნიშვნელოვანია თავად ნახო და მოისმინო ყველაფერი რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ.

ერთია, მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე. მჩაგვრელები ძალიან არ მიყვარს“, – განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

ამასთან, კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ს მეგობრობაზე და აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.