უცხოეთი
„თალიბანი“ - ქალებს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა კლასები გაყოფილი იქნება

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. მოძრაობა ,,თალიბანის“ განათლების ახალი მინისტრის აბდულ ბაქი ჰაქანის განცხადებით, ქალებს ავღანეთში უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა კლასები გაყოფილი იქნება და დაწესებული ისლამური ჩაცმის სტილის დაცვა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მინისტრის თქმით, შარიათის კანონებიდან გამომდინარე ქალ სტუდენტებს სწორედ მათივე სქესის წარმომადგენელი ასწავლიან , თუმცა საკლასო ოთახები ერთმანეთისგან გაყოფილი იქნება.

,,მადლობა ღმერთს ბევრი ქალი მასწავლებელი გვყავს . ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგვექმნება . ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გოგონებს ქალი მასწავლებლები ჰყავდეთ“, - განაცხადა აბდულ ჰაქანმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ,,თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქალებს მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა გამკაცრდება წესები ჩაცმულობის შესახებ. მათი თქმით, ყველა ქალი სტუდენტისათვის ჰიჯაბი სავალდებულო იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ საჭირო იქნება თუ არა სახის დაფარვაც.

რამდენიმე დღის წინ დაჯგუფება ,,თალიბანის“ კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქის მიღებული გადაწყვეტილებით ქალებს სპორტით დაკავება აეკრძალათ.

interpressnews.ge