სამართალი
მეგის ქარდავა აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც „ფეისბუქზე“ მეგის ქარდავას სახელით მისი მეუღლე აქვეყნებს.

„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეგის ქარდავა განცხადებაში სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა დაიცვან მისი უსაფრთხოება.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება, პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, – აცხადებს ქარდავა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

საქართველოში, 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს.

ამასთან, 2018 წლის დეკემბერში მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.