უცხოეთი
აშშ და გაერთიანებული სამეფო ავსტრალიას ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გაუზიარებენ

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს.

უსაფრთხოების საგანგებო პაქტის, Aukus-ის, ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დააანონსეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ.

„Aukus– ის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, დავეხმაროთ ავსტრალიას სამეფო ფლოტისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მოპოვებაში. ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს სტაბილურობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მხარს დაუჭერს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ავსტრალია ყველა ვალდებულებას როგორც არაბირთვული სახელმწიფო, ისე შეასრულებს.

ლიდერების თქმით, თავდაცვის პაქტი ორიენტირებული იქნება ასევე კიბერ შესაძლებლობებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და "დამატებით წყალქვეშა შესაძლებლობებზე".

interpressnews.ge