უცხოეთი
საქართველო გმობს აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 სექტემბერს დაგმო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნა.

სამინისტრომ ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, „მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ“ ქმედებად შერაცხა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

საქართველოს დიპლომატიური უწყების თანახმად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში – რუსულ პარტიებთან ერთად – ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, „ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და მათზე ეფექტიან კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი.

“ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს”, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისათვის აფხაზეთში — 9, ხოლო ცხინვალის რეგიონში 10 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ რუს ოკუპანტ ჯარისკაცებსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მუშაკებსაც. არჩევნებში ხმა მისცეს აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ და ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

civil.ge