აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა გადავუხადე აშშ-ის თავდაცვის მდივანს და პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარის მიმართ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შორის არსებულ ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გააფორმა ახალი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე მადლობა გადავუხადე თავდაცვის მდივანს და ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.