უცხოეთი
პუტინი კლიმატის სამიტს არ დაესწრება

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატის გლობალურ სამიტს არ დაესწრება. კრემლს 20 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ამის მიზეზი არ განუმარტავს.

ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში გამართულ ენერგიის საერთაშორისო ფორუმზე პუტინმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია იქნება გლაზგოში გამგზავრების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. "არ ვარ დარწმუნებული, პირადად დავესწრები თუ არა [სამიტს], თუმცა მასში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს.

რუსეთის უარი მნიშვნელოვან შეფერხებად განიხილება, რადგან რუსეთი დედამიწაზე ერთ-ერთ მთავარ დამბინძურებლად და ჩინეთთან და ამერიკასთან ერთად, გლობალური დათბობის ერთ-ერთ წამყვან ხელშემწყობად ითვლება. 2015 წელს პარიზში დადებული კლიმატის შეთანხმებიდან მოყოლებული, გლაზგოს წლევანდელი სამიტი ყველაზე მასშტაბური თავშეყრა უნდა იყოს.

გლაზგოს სამიტი სტარტს 31 ოქტომბერს აიღებს და გლობალურად ტემპერატურის ზრდის შენელებისკენ მიმართულ, შეთანხმებულ ნაბიჯებზე იმსჯელებს. მასში მონაწილეობას დაახლოებით 200 ქვეყანა მიიღებს, რომელთაც სთხოვეს, ფორუმზე წარმოადგინონ ემისიების შემცირების გეგმები. 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული გაეროს კვლევა ამბობს, რომ დედამიწაზე ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის შემცირება მინიმუმ უნდა განახევრდეს, რათა გლობალურმა დათბობამ სახიფათო ნიშნულებს არ მიაღწიოს.

amerikiskhma.com