პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალები „ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ 12.75 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალები „ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ 12.75 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის მათ უნარს, გაუწიონ თავიანთი მომსახურება მშვიდობიან მოსახლეობას კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში.

კერძოდ, დახმარება უზრუნველყოფს არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას და სამოქალაქო ტიპის მობილობის აქტივებს.

ევროკავშირის ინფორმაციით, 12.75 მილიონი ევროს დახმარება 36 თვეზე იქნება გათვალისწინებული. ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში, ასევე თავდაცვის პოლიტიკის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში.

დახმარების ფარგლებში მოლდოვა 7 მილიონ ევროს, უკრაინა კი 31 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.