„ლიბერთი“ ბანკში ყოველთვის რიგებია, განსაკუთრებით, როცა პენსიებს არიგებენ ან კომუნალური გადასახადების გადახდის ვადა იწურება, ძირითადად, დილის საათებში, როცა მომხმარებელი ცდილობს, სამსახურში წასვლამდე მოასწროს თანხების გადახდა (საღამოს ხომ თითქმის ყველა ბანკი სხვა სამსახურებზე ადრე ამთავრებს მუშაობას).
როგორც საქინფორმს წყარო ატყობინებს, დღეს დილითაც კომუნალური დავალიანების გადასახდელად მისულს სალაროსთან რიგი დახვდა. მხოლოდ ერთი მოლარე მუშაობდა. სერვისცენტრის მენეჯერმა თვალი მოჰკრა ინვალიდის ეტლით მისულ მომხმარებელს და ხალხს მისთვის რიგის დათმობისკენ მოუწოდა (?!), რაზეც მიუთითეს, რომ ამ მოწოდების ნაცვლად, ჯობდა, სამივე მოლარეს ემუშავა. ამ ეტაპზე გადასახადების გადახდა, თურმე, ოპერატორებთანაც შესაძლებელი ყოფილა, მათთან კი რიგები შედარებით შეთხელებული იყო (ამ მომსახურებასაც ხელმძღვანელობა წამდაუწუმ ცვლის და კლიენტმა აღარ იცის, რიგი სად დაიკავოს). თუმცა შენიშვნა მენეჯერს არ ესიამოვნა და მომხმარებელს შეახსენა, რომ სხვა ბანკებშიც შეიძლებოდა გადახდა.
არადა, „ლიბერთი“ ბანკების მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრშია შესაძლებელი საკომისიო დანარიცხის გარეშე კომუნალური დავალიანების გადახდა. „ვისაც რიგში დგომა არ უნდა, სხვა ბანკში გადაიხადოს“, – ასეთი იყო სერვისცენტრის მენეჯერის პასუხი.
ყოფილმა სახალხო ბანკმა თავისი სახელი ვერ გაამართლა და როგორც ხალხში იყო გავრცელებული, „ბიძია პიპლეს ბანკი“ „ლიბერთი“ ბანკად გადაკეთდა.
„ეს „ლიბერთი“ ბანკია!“ – შეასწორა მენეჯერმა მისი სახალხოობის შეხსენებაზე.