პუბლიკაციები
რუსეთი წუხს, რომ საქართველომ უარი თქვა „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი წუხს, რომ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ამიერკავკასიის საკითხებზე „3+3“ შეხვედრაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“ არის პრაგმატული და არაპოლიტიზებული ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მათი მეზობლების დაახლოებას.

„ვწუხვართ, რომ პლატფორმაში მონაწილეობის აშკარა სარგებლის მიუხედავად, თბილისმა, რომელიც ასევე იყო მოწვეული, თავისი წარმომადგენლები არ გამოგზავნა პირველ შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, ყველა მონაწილემ გამოხატა საქართველოს ჩართულობის ინტერესი და შეთანხმდა, რომ ამ ქვეყნისთვის კარი ღია რჩება“, — განაცხადა რუდენკომ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, ფორმატის ერთობლივ მუშაობაში აქცენტი გაკეთდა საერთო ინტერესის თემებზე. ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, ასევე საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლა.

დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ მოწვეული“.