უცხოეთი
ბლინკენი: ჯერაც შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დიპლომატიური გზით ხელის შეშლა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჯერაც შესაძლებელია“ რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციისთვის ხელის შეშლა დიპლომატიური გზით. მაგრამ თუკი ეს არ გაჭრის, დასძინა მან, დასავლეთი მზადაა „ძალით პასუხისთვის“.

ეს განცხადება ბლინკენმა 7 იანვარს გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას. მისი განცხადება წინ უსწრებს შეხვედრებს მოკავშირეებთან და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლებზეც განიხილავენ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრას და, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების საკითხებს. ბლინკენმა მწვავედ გააკრიტიკა კრემლი და მას უკრაინის საზღვრის გასწვრივ კრიზისის გაღვივებაში დასდო ბრალი.

ბლინკენის თქმით, დასავლეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის და „ერთგულია დიპლომატიისა“, მაგრამ უკან არ დაიხევს საკვანძო მნიშვნელობის პრინციპებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, ნატოს ღია კარის პოლიტიკა და უკრაინის უფლება, გაწევრიანდეს ალიანსში.

რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და ყირიმში. მოგვიანებით მან შეერთებულ შტატებსა და ნატოს წარუდგინა მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. სხვათა შორის ის ითხოვს, რომ ნატომ უარი თქვას აღმოსავლეთის მიმართულებით შემდგომ გაფართოებაზე.

აშშ-ის თქმით, უკრაინის საზღვარზე ჯარების თავმოყრა შესაძლოა იყოს უკრაინაში კიდევ ერთი ინტერვენციის პრელუდია, რასაც კრემლი უარყოფს.

ბლინკენის თქმით, რუსეთი ცდილობს, მომავალი კვირისთვის დანიშნული სამი მოლაპარაკება აქციოს ნატოს შესახებ დისკუსიად, მაგრამ უკრაინა იქნება „დღის წესრიგის მთავარი საკითხი,.. ვინაიდან ეს არის, რამაც დააჩქარა კრიზისი.“

radiotavisupleba.ge