უცხოეთი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზადაა, ყაზახეთს დაეხმაროს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთი მზადაა მეზობელ ყაზახეთთან „საპოლიციო და უსაფრთხოების“ სფეროებში თანამშრომლობა გააძლიეროს და მას „გარე ძალების“ ჩარევასთან ბრძოლაში დაეხმაროს, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ყაზახ კოლეგასთან, მუხტარ ტლეუბერდისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ყაზახეთში ბოლოდროინდელი არეულობა აჩვენებს, რომ ვითარება ცენტრალურ აზიაში კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგიერთ გარე ძალას არ სურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მასობრივი არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ამასთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, იმ პირებს შორის, რომლებიც სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებს დაესხნენ თავს, საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ.

interpressnews.ge