სამართალი
კარც ჰარცელი: შალვა პაპუაშვილთან პარლამენტში ბოლო აქტივობების შესახებ მქონდა დისკუსია, გამოვთქვი შეხედულებები ინსპექტორის სამსახურზე

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან საკანონმდებლო ორგანოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები განიხილა.

როგორც ელჩი აცხადებს, შეხვედრაზე ბევრი განსხვავებული საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დისკუსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თაობაზეც.

„ჩვენ ძალიან ბევრი განსხვავებული საკითხი განვიხილეთ. ჩემთვის ეს პირველი შეხვედრა იყო პარლამენტის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემდეგ. დავინტერესდი, როგორ აპირებს, წინ წასწიოს პარლამენტის მუშაობა. გვქონდა დისკუსია პარლამენტში ბოლო აქტივობების შესახებ, გამოვთქვი შეხედულებები, საქართველოში ჩემი არყოფნის პერიოდში, აქ განხორციელებული ზოგიერთი ქმედების შესახებ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე დანიშვნის კუთხით, ცვლილებებზე საერთო სასამართლოების კანონებთან მიმართებაში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თაობაზე. დავინტერესდი, როგორ წარიმართა ეს პროცესი მიღებული გაკვეთილებისა და პარტნიორების ზოგიერთი მოწოდების შემდეგ. ვგულისხმობ, რა გაკეთდა ჩემი არყოფნის პერიოდში ამ პროცესების მიმდინარეობისას, რამაც საოცრად დააჩქარა ეს პროცესი იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დაწესებულება მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს იმ გაგებით, თუ რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკამათოა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან ურთიერთობის ფუნდამენტური ასპექტია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციებს ამ სააგენტოში და ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო დისკუსიის საშუალება არ მოგვეცა და ვერ გავიგეთ სამომავლო სურვილი“, – განაცხადა ჰარცელმა.