სამართალი
„მიწის დათმობის“ საქმე: ცხინვალის ლიდერი იმპიჩმენტს გადაურჩა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაახლოებით 200 კმ2 ტერიტორიის დათმობის მცდელობის საქმეზე რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ვერ მიაღწიეს.

ინიციატივა 34-წევრიანი „საკანონმდებლო ორგანოს“ 14-მა „დეპუტატმა“ იმ იმედით წამოაყენა, რომ ის დეპუტატების ¾-ის მხარდაჭერას მოიპოვებდა. თუმცა, მას მხოლოდ 13 „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი, ერთმა კი – წინააღმდეგ მისცა ხმა. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ბიბილოვის მხარდამჭერ პარტიას – „ერთიან ოსეთს“, ასევე „ხალხის ერთობას“ და კომუნისტ „დეპუტატებს“.

დაახლოებით სამ თვეში ოკუპირებულ რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“ გაიმართება, სადაც ბიბილოვი ხელახლა კენჭისყრას აპირებს.

ოპოზიციონერი „დეპუტატები“ აცხადებენ, რომ „სახელმწიფო საზღვრის“ დამტკიცების თაობაზე ბიბილოვის მიერ 2019 წელს „პარლამენტში“ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც მაშინ არ მიიღეს, რეგიონის მიერ დანარჩენი საქართველოსთვის 200 კმ2 ტერიტორიის დათმობა მოჰყვებოდა.

საკითხი მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში მას შემდეგ გახმოვანდა, რაც „საქართველოსთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ“, რომელიც ბიბილოვის განკარგულებით აპრილში შეიქმნა, დაადგინა, რომ ბიბილოვის მიერ შემოთავაზებული საზღვრები 200 კმ2-ით ნაკლებ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე 1922 წლის აპრილის საბჭოთა განკარგულება, რომლის ფარგლებშიც, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საზღვრები 1922 წლის ისტორიული განკარგულების აღწერას უნდა შეესაბამებოდეს, ვინაიდან სეპარატისტებმა, რომელთაც 1992 წელს თბილისისგან დამოუკიდებლობა სურდათ, რესპუბლიკის აღიარების საფუძვლად სწორედ ის აიღეს.

სავარაუდოა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის დროს მცირედით შეიცვალა. იმავდროულად, არ არსებობს 1922 წლის აპრილის განკარგულების დეტალური რუკა, რის გამოც, ოსი „დეპუტატები“ და „დელიმიტაციის კომისიის“ ამჟამინდელი წევრები მას საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავენ.

ტერიტორიული პრეტენზიები ძირითადად ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის დასავლეთ და სამხრეთ მონაკვეთებს ეხება. ბიბილოვის ოპონენტებს სურთ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლები – ნიქოზი, არბო, გუგუტიანთკარი და მერეთი ჩაიგდონ ხელში. ამ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველების სახლები, ხეხილის ბაღები და სასაფლაოებია განთავსებული.

30 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოში“ გამართული მწვავე დებატების დროს, ანატოლი ბიბილოვმა ბრალი თავის ოპონენტებს დასდო. მისი თქმით, მოსკოვმა 2008 წელს რეგიონის დამოუკიდებლობა მის ამჟამინდელ და არა 1992 წლის საბჭოთა განკარგულებაში განსაზღვრულ „საზღვრებში“ აღიარა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს, შეთანხმებას მისი წინამორბედი ადმინისტრაციის პირობებში მიაღწიეს. ბიბილოვმა განაცხადა, რომ იმდროინდელ ადმინისტრაციაში ბევრი ახლანდელი ოპოზიციონერი „დეპუტატი“ მსახურობდა.

ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საზღვრებზე პრეტენზიები 1922 წლის განკარგულების შესაბამისად გამოითქმება, მაშინ ცხინვალისა და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის მდებარე სოფელი გუჯაბაური, ასევე საქართველოს მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს მდებარე სოფელი ორჭოსანი დანარჩენ საქართველოს უნდა გადაეცეს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაგმო მოსკოვის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის „პროვოკაციული“ განცხადებები „საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე“.

Civil.ge