უცხოეთი
„ენბისინიუსი“ - ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისინიუსი“, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებმა, პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგინეს სხვადასხვა წინადადება აშშ-ის სავარაუდო საპასუხო ქმედებების შესახებ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ასევე უკრაინაში შესაძლო შეჭრამდე აშშ-ის თავდაცვის ძალების გადაადგილების შესაძლო ვარიანტები.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, წინადადებების წარდგენა აშშ-ის პრეზიდენტის „კემპ-დევიდის“ რეზიდენციაში, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართული შეხვედრის დროს მოხდა. მათი თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების წინადადებები ითვალისწინებს რეგიონში ბომბდამშენების ფრენას, შავ ზღვაში სამხედრო გემების შეყვანას, შეიარაღებული ძალების გადასროლას ევროპის სხვადასხვა რეგიონში და უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში. ლოიდ ოსტინის მიერ წარდგენილი ვარიანტების მიზანს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთიანობის, სიმტკიცის დემონსტრაცია და რუსეთის აგრესიის შეკავება.

„ენბისინიუსის“ წყაროს ცნობით, პრეზიდენტს მოახსენეს დაზვერვიდან მიღებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს სამხედრო შენაერთების დამატებას და უკრაინის სასაზღვრო რაიონებში მათ განთავსებას. მათი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის შეიარაღებული ძალების და დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის ევროპაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

1tv.ge