საზოგადოება
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში საპატიმროების გადატვირთულობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება

dimitrov_PHროგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა საქართველოს შესახებ ევროკავშირის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, „წინა წლებთან შედარებით, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, თუმცა ქალთა საპატიმროებში შედარებით უკეთესი ვითარებაა“.

„არაადამიანური და ღირსების შემლახველია დაკავების პირობები, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობითაა გამოწვეული. არასათანადო ჯანდაცვა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება, რაც პრევენციის ანგარიშშიცაა ასახული. ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობაც შეშფოთებას იწვევს. შედარებით ნაკლები წინსვლა აღინიშნება სასჯელაღსრულებით და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში მყოფთა იურიდიული დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა დიმიტროვმა.

რაც შეეხება სამართლის ხელმისაწვდომობას, ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ „სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს უფასო იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისათვის, დაუცველი ჯგუფების ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო იურიდიული დახმარების გაწევას განაგრძობს, თუმცა 2010 წელს უკანდახევა აღინიშნა – მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უფასო იურიდიული სამსახური მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში 2013 წლის და არა 2011 წლის იანვრიდან, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, ამის მიზეზად კი თვით ამ სამსახურში კადრების ნაკლებობა დასახელდა“.