პუბლიკაციები
გარდაიცვალა არმაზ სანებლიძე

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმისაქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 15 მაისს, 86 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე.

   ქართული ჟურნალისტიკის ლეგენდა, ბატონი არმაზი სხვადასხვა წლებში ოყო არაერთი წამყვანი ქართული გაზეთის მთავარი რედაქტორი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, მის კალამს ეკუთვნის ბევრი წიგნი და ათასობით პუბლიკაცია. აგრეთვე, ბატონი არმაზი მუშაობდა მაღალ საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე, საქართველოს საამაყო შვილი, ის ჩერნობილის ავარიის პირველივე დღეებში გაემგზავრა კატასტროფის ეპიცენტრში, სადაც რადიაციის დაუშვებელი დოზა მიიღო. მიუხედავად ამისა, ბატონო არმაზი არ დანებდა, ფიზიკურად ვარჯიშობდა და მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლო დღემდე, ჯერ 2004-2009 წლებში გაზეთ "ასავალ–დასავალში", ხოლო 2009 წლიდან - გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში".

არმაზ სანებლიძე იყო დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენითა და ღირსების ორდენით „ქართულ პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი პირადი მამაცობისა და თავდადებისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენით, მას მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, მრავალი სიგელი და დიპლომი. მიუხედავად ამ დამსახურებებისა ჟურნალისტიკაში და სამშობლოს წინაშე, მიუხედავად უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისა, უდიდესი გამოცდილებისა და ინტელექტის, არმაზ სანებლიძე იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მაგალითი თავმდაბლობისა და მაღალი კულტურის, ის მუდმივად გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ დიდი ყურადღებით, თანამშრომელს, მათ შორის - არმაზ სანებლიძის გაზრდილ უამრავ ნორჩ ჟურალისტს, მისგან არასოდეს უგრძნია შეუდარებელი პროფესიული უპირატესობით გამოწვეული დისტანცია, პირიქით - ის იყო ყველას „უმცროსი“ მეგობარი, სხვისი ტკივილი და სიხარული გულთან ახლოს მიჰქონდა და არაჩვეულებრივი სითბოთი გამოირჩეოდა. ალბათ ამიტომ, წლიდან წლამდე თანამედროვე გაუხეშებული, უკულტურო, მდაბიო ადამიანებისა და მოჟურნაილისტო სუბიექტების ყურება მისთვის სულ უფრო და უფრო აუტანელი იყო, მაგრამ არასოდეს არავისთვის უჩივლია, გულში იმარხავდა ყველაფერს და კალმით ებრძოდა ბოროტებას...

   საქინფორმისმთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: „არმაზი იყო ჩემი ძველი დიდი მეგობარი. ჩვენი სულიერი ერთობა იყო გამოწვეული ერთნაირი ცხოვრებისებული შეხედულებებით თითქმის ყველაფრის მიმართ, ბოლოს შარშანწინ ოქტომბერში დამირეკა, გადაადგილება უკვე ძალიან უჭირდა და მამაჩემის გარდაცვალება მომისამძიმრა. ის სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. არასოდეს დამავიწყდება, როგორ შემოდიოდა ჩემთანსაქინფორმში“, სტამბიდან ახალგამოსული ჯერ კიდევ თბილი, თავისი მორიგი ახალი წიგნით ხელში, რომლის სატიტულო გვერდს უკვე არმაზის არაჩვეულებრივი ხელით და მელნის კალმით ამშვენებდა წარწერა! არა მგონია, ვიმსახურებდე იმ მაღალი ეპითეტებს, რომლითაც იქ ვარ ნახსენები! დღეიდან ეს უკვე ისტორიაა - იმდენად დიდი და მტკივნეული, რომ მის, თაროზე გვერდიგვერდ დაწყობილ წიგნებს დიდი ხანი არ მივეკარები... ,ჩევნ ერთად ვმუშაობდით წლების განმავლობაში, ერთად ვარჯიშობდითლაგუნა-ვერაზე“, რომელსაც მისი აწ გარდაცვლილი მეგობარი და სახელოვანი წყალბურთელი ვოვა გაიშვილი ხელმძღვანელობდა, ერთად მრავალჯერ ავსულვართ კრწანისში, მის მეგობარ ედუარდ შევარდნაძესთან. სამწუხაროდ, ვერ მივცემ საზოგადოებას პირობას, რომ აწი შევეცდები ვიყო უფრო თავშეკავებული და კორექტული, როგორიც არმაზი იყო, მაგრამ ვეცდები მისი ხსოვნის პატივსაცემად... მშვიდობით, არმაზ, და ნახვამდის“.

   საქინფორმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ბატონი არმაზის ოჯახს, უამრავ მეგობარსა და კოლეგას, ნათესავსა და ახლობელს.

პანაშვიდები: დღეს, 15 მაისს, და ხვალ, ორშაბათს, 16 მაისს.

საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე მთავარანგელოზის პატარა ტაძარში.

გამოსვენება: სამშაბათს, 17 მაისს, 15 საათზე, ამ ტაძრიდანვე.

მთავარანგელოზის პატარა ტაძარის მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩიდან მარცხნივ ასახვევი სასაფლაოზე (ნეოგაზთან).


საქინფორმი