პოლიტიკა
მთავრობა ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებით, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა იმის განსაზღვრა თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციაში.

მანამდე, ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფო ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის სამართლებრივი უფლების ნაწილს მოპასუხე მხარის „მოქმედება ან უმოქმედობაც“ დაემატა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ „პოლიტიკური რევანშის“ მცდელობად შეაფასა.

მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე ქართულმა ოცნებამ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდეჯერმე დაარღვია, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტებით და ელჩების დანიშვნაზე უარით.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ელჩების დანიშვნაზე უარის ნაწილში მიმართავს.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ადმინისტრაციის განცხადება, რომ ელჩების დანიშვის შესახებ საქართველოს მთავრობის ყველა მიმართვა დააკმაყოფილა.

მანვე იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციებს გამიჯნავს.