უცხოეთი
პუტინმა ყირიმის ყოფილი "პროკურორი" რუსეთის ფედერალური უწყებიდან დაითხოვა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებული ყირიმის ყოფილი "პროკურორი" ნატალია პოკლონსკაია გაათავისუფლა რუსეთის ფედერალური უწყების „როსსოტრუდნიჩესტვო“-ს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. პუტინის განკარგულება დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნდა.

თავად პოკლონსკაიამ ტელეგრამზე დაწერა, რომ პუტინმა სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო დაითხოვა და მას მადლობა გადაუხადა „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“. რა არის ეს „სხვა სამუშაო“, პოკლონსკაია არ აკონკრეტებს.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა პოკლონსკაია დანიშნა „ყირიმის პროკურორად“. მის სახელს უკავშირდება ანექსიის მოწინააღმდეგეების, მათ შორის ყირიმელი თათრების დევნა. 2016-2021 წლებში ნატალია პოკლონსკაია იყო რუსეთის დუმის დეპუტატი პარტია „ედინაია როსია“-დან. დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, პოკლონსკაია დანიშნეს რუსეთის ელჩად კაბო-ვერდეში, თუმცა, მალევე ამ თანამდებობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, პუტინმა პოკლონსკაია დანიშნა „როსსოტრუდნიჩესტვო“-ს ხელმძღვანელის მოადგილედ.

ომის დაწყების შემდეგ, ნატალია პოკლონსკაიამ უკრაინაში შეჭრას კატასტროფა უწოდა, რუსული არმიის სიმბოლოდ ქცეულ Z-ს კი, ტრაგედიის სიმბოლო.

უკრაინაში პოკლონსკაიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ხელისუფლების მიტაცების და სახელმწიფო ღალატის მუხლებით.

radiotavisupleba.ge