უცხოეთი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა ეგორ ჩერნევმა Facebook-ზე დაწერა.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მოითხოვა რუსეთის აგრესიის გამო, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა და იგი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა“, - განაცხადა ჩერნევმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი რეზოლუცია გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს.

მისი თქმით, ნატო-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის დელეგაციის წინადადებებს.

პოლიტიკოსის თქმით, ასეთი ტრიბუნალი საშუალებას მისცემს დაგმოს არა მხოლოდ ომის მონაწილე უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებული იყო უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდის სურვილი, უკრაინის სახელმწიფოს ნატო-ში შესვლისთვის კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება, რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების შეგროვების მექანიზმის შექმნა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის ინიციატივით დადგენილ რეზოლუციაში წერია, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

ამასთან, ჩერნევმა აღნიშნა, რომ დელეგატებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის არმია ცალსახად გააძლიერებს ნატო-ს, ამიტომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.

დეპუტატის თქმით, რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინის პოზიცია, როგორიც არის ტრიბუნალის შექმნა, რეპარაციების გადახდა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება, თანდათან ხდება მეინსტრიმი უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე. არ გვაქვს ხანდაზმულობის ვადა და აგრესიის დანაშაულისთვის სასჯელი გარდაუვალი იქნება, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ეგორ ჩერნევმა.

interpressnews.ge