რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე მონაზონზე ძალადობაში მედიის, თეოლოგთა და ექსპერთა ნაწილის ბრალსაც ხედავს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტრის ერთ-ერთ მონაზონზე ძალადობას 26 ნოემბერს, გვიან Facebook-ით გამოეხმაურა და თქვა, რომ მოსახლეობის ნაწილზე „მძიმე გავლენას ახდენს გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი”, ,,ტვ პირველი”, ,,ფორმულა”), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან“.

სოფელ ცხრამუხის მონასტერში, სავარაუდოდ დაყაჩაღების მიზნით უცნობი პირების შეჭრისა და ერთ-ერთ მონაზონზე ძალადობის შესახებ ცნობები მედიაში 26 ნოემბერს, დილით გაჩნდა. მედიისვე ცნობით, დაშავებული მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინვე, შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და 70 წლის მონაზონის გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავა. მათ 13-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხაზი გაუსვა რა, რომ მედიის, თეოლოგთა და ექსპერტთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, – ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ „ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა“.

დეკანოზმა 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში ჟურნალისტთა „შეჭრა“ და ბოდბის დედათა მონასტრის მონაზვნების მიმართ „მედიის ცილისმწამებლური კამპანიაც“ გაიხსენა, რა დროსაც, მისივე თქმით, „მთავარმა არხმა“ მათ „არც მეტი არც ნაკლები ბრალი მკვლელობის ორგანიზებაში დასდო“.

რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებსბანდიტებიუწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხისჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში, – განაცხადა მან.

საზოგადოების კრიზისი და ტრაგედიასწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან, – აღნიშნა დეკანოზმა და დასძინა, რომ საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი.

ანდრია ჯაღმაიძემ „საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს“ დაუკავშირა „ოჯახური ტრადიციების ნგრევაც“ და დასძინა, რომ ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე.

ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია, – დაწერა Facebook-ზე ანდრია ჯაღამიძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, შესაძლოა, ხვალ, ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის“. „არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა, – ხაზი გაუსვა ომბუდსმენმა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს, – დასძინა მან.