აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები მიიღეს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

მნიშვნელოვან მომენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა როგორც პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ. პირველი, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს, როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა; მეორე, გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილიც, გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან; მესამე, ჩვენ ბევრი ოფიციალური პირის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი მინიჭებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღონ.

საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში, ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.