აქტუალური
მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქ კოლეგას შეხვდა

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.

საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას წარმოადგენდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია.

საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.