სამართალი
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 5 იანვრის განაცხადეს, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

ამავე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან:

მიხეილ სარჯველაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გიორგი მიქაუტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბაკურ აბულაძე – გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;

თამარ გვარამაძე – სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი;

ალექსანდრე ქევხიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი.

ანტიკორიფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 23 დეკემბერს განაცხადეს. ამავე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის პირობების, საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

კონკურსში მონაწილე პირებიდან შესარჩევი კომისია პრემიერმინისტრს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 კანდიდატს წარუდგენს. მათგან ერთს პრემიერი თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს.