სამართალი
„საია“: მხატვარ სანდრო სულაბირიძის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) 13 თებერვალს მხატვარ სანდრო სულაბირიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სულაბერიძემ, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას, კედელზე საღებავით დაწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. შსს-მ მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.

„საია“ მიიჩნევს, რომ მომხდარზე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ქურდობის მუხლის კვალიფიკაციას, რადგანაც „ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება“. „შესაბამისად, გამოძიების დაწყება [ქურდობის] კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია“.

„ამ კუთხით მის [სულაბერიძის] წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს“, – აცხადებენ „საიაში“ და განმარტავენ, რომ „მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი“.

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით იმასაც აღნიშნავს, რომ „გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე“.

„საია“ 12 თებერვალს, ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის მიზნით გამართულ აქციაზე აქტივიტ ნატა ფერაძესა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ინციდენტსაც ეხმიანება, რა დროსაც ფერაძეს ცხვირი დაუზიანდა და შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით არის გარანტირებული.

„სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ ფერაძის ინციდენტზე გავრცელებული ინფორმაცია „იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას“.

„საია“ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ უწყების დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დაწყებულ რეორგანიზაციებზეც ამახვილებს ყურადღებას, რის შედეგადაც დაკავებული თანამდებობებიდან „მრავალი დასაქმებული“ გაათავისუფლეს. „საია“ აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში მიმდინარე შრომით დავებზე, რომლებიც სწორედ ახალი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია“.

ამდენად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს „შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება“.