უცხოეთი
ევროკავშირი საქართველოს არალეტალურ სამხედრო დახმარებას უზრდის

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველო ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით 30 მლნ ევროს ღირებულების არალეტარულ სამხედრო დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი 3 მლრდ ევროს ღირებულების იარაღს აწვდის უკრაინას, რომელიც მომდევნო თვეებში კიდევ 2 მლრდ-ით გაიზრდება, ევროკავშირი აპირებს, რომ არალეტალური სამხედრო დახმარება რუსეთის კიდევ ორ მეზობელს – საქართველოსა და მოლდოვას აღმოუჩინოს.

დიპლომატების არაოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, რომ თბილისისა და კიშინიოვისთვის შემოთავაზებული დახმარება ორივე ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მადესტაბილიზირებელი მცდელობებითაა განპირობებული. ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ამგვარი ქმედება ბუნებრივია ამ ქვეყნების გაცხადებული მიზნის გათვალისწინებით, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ასევე მოლდოვისა და საქართველოს, შესაბამისად, კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით. ევროკავშირის ქმედება ასევე ასახავს ბლოკის მცდელობას, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო სერიოზული მოთამაშე გახდეს.

გასულ კვირას, ბლოკის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული კონცეფციის დოკუმენტების განხილვა დაიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ბლოკი ორ ქვეყანას. მოსალოდნელია, რომ განხილვები რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ორივე დოკუმენტით გათვალისწინებული პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, კონცეფციის დოკუმენტების თანახმად, დახმარების მიზანია „საქართველოსა და მოლდოვის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდა, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისა და თავსებადობის დაჩქარება და, შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობის უკეთ დაცვა კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში“.

დაფინანსებას ევროპის სამშვიდობო ფონდი უზრუნველყოფს – ეს ევროკავშირის ის არასაბიუჯეტო მექანიზმია, რომელსაც ბრიუსელი უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად იყენებს. ევროპის სამშვიდობო ფონდის უპირატესობა ისაა, რომ ის არ მოითხოვს ერთსულოვნებას და წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, რომ „კონსტრუქციულად თავი შეიკავონ“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ არ დაუჭირონ მხარი წინადადებას, თუმცა არც წინააღმდეგ მისცენ ხმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოსთვის გათვალისწინებული 30 მლნ ევროს დახმარება ითვალისწინებს თანამედროვე მისაბმელიანი ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანების გადაცემას, რა დროსაც ყურადღება მძიმე ტექნიკის გადამზიდავ მანქანებსა და ამწეებზე გამახვილდება. ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს მანქანებს, რომლითაც საქართველოს თავდაცვის ძალების საველე არტილერიის სისტემების მობილობა იქნება უზრუნველყოფილი.

დაფინანსება ასევე მოხმარდება განახლებული აღჭურვილობის მქონე სამკურნალო ობიექტის მშენებლობას, რომელიც დაემატება ევროკავშირის დაფინანსებით უკვე მოქმედ რამდენიმე ობიექტს, ასევე აღჭურვილობას საქართველოს კიბერუსაფრთხოების ახალი ბიუროსთვის.

civil.ge