საზოგადოება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს.

12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა, მონაწილეობდა თუ არა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი სამუშაო შეხვედრებში და იმ სამუშაოში, რომელიც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

„მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დარჩენილი აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და ასევე სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან მიღებული გვაქვს დასკვნები. ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის მიდგომებთან, იქნება გათვალისწინებული და ასე იქნება ყველა კანონი მიღებული“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი.

მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია“ წევრებთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„წარმოუდგენელია, დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა – კოსმეტიკურად, როგორც ეს წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კუთხით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს არც კი იხილავს. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და ცვლილებების განხორციელება, ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოპოზიციას შემოთავაზებული აქვს და შეესაბამება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასევე ინიცირებული აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს პროექტი უფრო შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნასა და მოთხოვნებს. მათ მოინიშნეს ეს საკითხები, რომლებსაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი მოახდინონ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში ლევან ბეჟაშვილი და თინათინ ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო საუბარი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების შეხვედრაზე.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულება არ არის საკმარისი. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმართება ევროპულად და ევროპული ფასეულობების შესაბამისად.

„ვისაუბრეთ პოლიტიკურ განცხადებებზე, რუსული კანონის შესახებ, პარლამენტში თავდასხმებზე. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, მომხრე ვართ და ვითხოვთ პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ასევე დაცული იყოს რუსული აგრესიისგან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა ამის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმის პარლამენტში კოლეგებს და ყოველდღე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, ხალხმა აჩვენა, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია.