პოლიტიკა
ევროკავშირში გაწევრება საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მიზანია! - პრემიერი ღარიბაშვილი

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისლანდიაში, რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს, ამიტომ საჭიროა ერთობლიობა და ერთად ყოფნა.

ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა, მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების.

დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაერო-ს, ჰელსინკისა და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ ადამიანების სიცოცხლისა და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა, კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას.

მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს. ამიტომ გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. აი, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისუფალი გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას.

2012 წელს, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტიან პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიკურ ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო, ასევე საარჩევნო სისტემები. ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო სისტემაში და ასევე, საარჩევნო სისტემაში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით.

საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგლითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და დადებითი შეფასება აქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით. ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სამიზნე ორიენტირია. კარგად მოგეხსენებათ, რომ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ ამ მიზნით და ამ მიმართულებით მივდივართ და ყველა, 12-ვე რეკომენდაციას ვახორციელებთ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობას და კეთილდღეობას. საქართველო ამ ფასეულობებსა და ღირებულებებს იცავს, ელოდება თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.