პუბლიკაციები
ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერზე - ვადასტურებ, რომ 2 წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია”

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე, ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა შინაარსს "ფეიკს" უწოდებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, სატელეფონო საუბარი ორი წლის წინ შედგა, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერი შინაარსობრივად დაჩეხილი და დამონტაჟებულია.

“რაც შეეხება მარკ ზილბერკვიტს, ის არის კერძო პირი, მე მას ვიცნობ იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი. ზილბერკვიტი ოფიციალური პირი არასდროს ყოფილა, არც ახლაა და მგონი, საერთოდ ამერიკაში წავიდა.

მე ვადასტურებ, რომ ორი წლის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს საუბარი არის დაჩეხილი, დამონტაჟებული, “ფეიკი”. ეტყობა ორი წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ისე, როგორც აწყობდათ. როდესაც მორიგი, უკანონო გზით მოპოვებული სატელეფონო საუბარი ბატონ კარასინთან გამოამზეურეს, მაშინ ვთქვი: საუბარსაც ვადასტურებ და საუბრის შინაარსსაც ვადასტურებ.

ამჯერად ვამბობ: დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის “ფეიკი”, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ.

საუბარი არის დაჩეხილი, “ფეიკი”. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, - განაცხადა აბაშიძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.