საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე... შექმენით წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და, რა თქმა უნდა, უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისათვის, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს.
მიმართვა ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.
მისი თქმით, "ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები".
„დრო მოვიდა!
ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს - მივმართავ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის ბოლო თვეებს ითვლის.
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში.
როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენი ვალი აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა მილიონი ტანჯვით განადგურებული ჩერქეზისთვის და აგრეთვე ჩვენ დავდგით ამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
ჩვენ გავხსენით უვიზო შემოსვლა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისათვის, შევქმენით საგანმანათლებლო პროგრამები. გავხსენით სატელევიზიო არხი Первый Кавказский (ПИК), რათა მოგვეცა თქვენთვის თავისუფალი სატელევიზიო პლატფორმა.
მეომარმა უკრაინამ საკუთარი პარლამენტის მეშვეობით აღიარა იჩქერიის რესპუბლიკა. დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე.
აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგომის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და, რა თქმა უნდა, უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისათვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები.
მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში.
გწერთ, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრორუსულმა ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა შეთითხნილი ბრალდებებით და ამყოფებს ტყვეობაში მოსკოვიდან პირდაპირი მითითების შესაბამისად.
როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად.
ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს და ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.
ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას.
მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული,კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.