პუბლიკაციები
აშშ-ის ელჩი: ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების დემოკრატიის არჩევანს გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის და დამოუკიდებლობისთვის

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა.

როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის.

მისივე თქმით, ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე.

საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში, თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას-მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა „ რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“.

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.

ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს“.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.

ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან-საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”, - განაცხადა კელი დეგნანმა.