საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. როგორ ბედავენ ესენი [ოპოზიცია] ამდენ ლაპარაკს? დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში - ყოველ ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე დაპატიმრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური მოხსენების ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
პრემიერმა წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო“.
„პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე. რა დღეში იყავით ციხეებში, გადავსებული გქონდათ პატიმრებით. 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული. ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა. ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო, ასევე ბიზნესის ტერორი... მოქალაქე თავისუფლად ვერ სუნთქავდა. როგორ ბედავენ ესენი ამდენ ლაპარაკს? დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში. კითხვა მინდა დაგისვათ - გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი? პოლიციამ რეაგირება მყისიერად მოახდინა, ყოველ ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე დაპატიმრებული იქნა. თქვენს შემთხვევაში თავად იყო ჩართული მთელი თქვენი მოძალადე სისტემა. თავად მონაწილეობდით ამ მკვლელობებში, წამებაში, გაუპატიურებაში. საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს“,- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის გამოსვლის აღნიშნულ ნაწილს დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა, მათ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მხრიდან.
საპასუხოდ ღარიბაშვილმა მიმართა მას სიტყვებით: „რა მნიშვნელობა აქვს 11 წელს?“.
„აი, რეაქცია ნახეთ - 11 წელი გავიდაო. ყოველ დღე შეგახსენებთ იმავეს, მე არ დავიღალე მე და არავინ დაიღლება. თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ და აზროვნების სტილი - „ვაწამებდი, ვაუპატიურებდი, მაგრამ მერე რა, წარსულია“, - ამათ რა აქვთ საერთოდ სათქმელი?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.