რელიგია
მიტროპოლიტი შიო: იმედია გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ დეტალები გაირკვევა.

„ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [განმეორებითი კვლევა], ექიმები გვირჩევენ. ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ინფორმაცია მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ გასულ კვირაში გაავრცელეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“ და „რუსთავი 2-მა".

6 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევით, მეუფე შიოს ორგანიზმში „აღმოჩნდა მძიმე მეტალები" და მოწამვლა გამორიცხული არ არის, თუმცა „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ".