რედაქტორისგან
„ჩვენ, ზემორე ხელისმომწერნი“ - არნო ხიდირბეგიშვილის შინაურული წერილი ქვეყნის მბრძანებლებს

   ქვემოთ წარმოდგენილი წერილით მოგმართავთ ზემორე ხელისმომწერთ — ქვეყნის მბრძანებლებს, ვინც ამა თუ იმ დოკუმენტს ხელს აწერთ არა ქვემოთ, როგორც უბრალო მოკვდავნი, არამედ ზემოთ, რეზოლუციის სახით.

   წერილს „შინაურული“ დავარქვი და არა „ღია“ ან „ოფიციალური“, რადგან მასზე კანონით დადგენილ ვადებში პასუხს არ მოგთხოვთ. ეს უფრო შეხსენებაა დრამატული მოვლენების წინ, როგორც თავის დროზე აფრთხილებდა ჟვანია შევარდნაძეს თავის საბედისწერო ღია წერილში გარდაუვალი „ფერადი რევოლუციის“ შესახებ.

„შინაურული“ წერილი ნეპოტიზმის ტალღაზე არ იწერება, მას საფუძვლად უდევს უბრალო ხალხის დაუოკებელი სურვილი, რომ იქ, ზემოთ, თავისიანები ჰყავდეს, მზრუნველი ახლობლები, ჯიშითა და ჯილაგით ქართველნი, და არა ფულით გაბრწყინებული უცხოეთის მოციქულები, რომლებიც დასავლეთის წინაშე იწერენ ქულებს.

   უცხოეთის აგენტები ვახსენეთ და ბარემ გკითხავთ: გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ნაცებს „ფარები აუნთო“ - უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი „FARA“ აამოქმედა და სააკაშვილის „შიმშილობის“ მთელი ანატომია ხელისგულზე დადო. პატივცემულო ქვეყნის მბრძანებლებო, იქნებ ჰკითხოთ იმ ჩინოვნიკს, ვინც 8 მარტს ვაშინგტონიდან დაგირეკათ და პირველი მოსმენით უკვე მიღებული ამერიკული კანონის ბევრად რბილი ქართული ანალოგი მეორე მოსმენით ჩაგაგდებინათ: ნუთუ მარტო ამერიკას უნდა „ენთოს ფარები“, ჩვენ კი არაფერი ვიცოდეთ იმის შესახებ, რა ფარას ატრიალებენ უცხოეთის ფაროსანა აგენტები ქვეყნის დასაქცევად?! როგორ ფარავენ თავის დანაშაულებს ფულით, როგორ ყიდულობენ ევროპარლამენტის არცთუ მთლად ფარატინა რეზოლუციებს და საგაზეთო სტატიებს, როგორ იფენენ დემოკრატიის ფარდაგებსა და ფარჩა-ატლასებს?

   მაშინ, თუ ფარა, ანუ ფული ჯოჯოხეთს ანათებს, გამოდის, რომ დასავლეთი ჯოჯოხეთია?! უკაცრავად, მაგრამ რა გვინდა ქართველებს ჯოჯოხეთში, ჩვენო დალოცვილო და ოჯახაშენებულო საქართველოს მბრძანებლებო?! დავანებოთ თავი მაგ ფარჩაკებს, რომლებსაც რახანია აფარებს თავს სააკაშვილის სექტა. დადგა დრო, მაგისთანებმა ვეღარ აიფარონ ფარად ამერიკული დემოკრატია, რომელმაც, როგორც იქნა, ფარდა ახადა მავანთა და მავანთ უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის კანონის ამოქმედებით, რომელსაც, ბედის ირონიით, მართლაც FARA ჰქვია! შეერთებული შტატები დიდი სახელმწიფოა, მალე კელი დეგნანისა და მისნაირი გველების დაგნარი დასრულდება და ამერიკა გადალახავს LGBT კულტს, ტრამპი მოვა სათავეში თუ კენედი!

   აი, ევროპას რა ვუყოთ?! ნუთუ მექრთამეობა, კორუფცია და ნეპოტიზმია „ევროპული ფასეულობები და დემოკრატიაა“, რომლებზეც გამუდმებით გვიკიჟინებენ?!

   სამწუხაროდ, ევროდეპუტატების ნაწილი პირდაფჩენილ სელაპს დაემსგავსა, ოღონდ შიგ შაქრის ნატეხი ჩაუდე და ყველა სიმღერას შეასრულებენ! სააკაშვილის მიერ მოსყიდული უპრინციპო მოღალატეები ადრე თუ გვიან სამართალმა უნდა ალაგმოს, მაგრამ როდის დადგება ეს „ადრე თუ გვიან“? არადა, გასული საუკუნის ევროპას რომ ჩავხედე, ფაშიზმს წავაწყდი, უფრო შორს წასული კი ინკვიზიციას მივადექი!

   მთელი საქართველო მიშას ფრჩხილის ღირსი არ არის და მთავრობამ რაც არ უნდა იღონოს, მისი თავიდან ერთი ღერი თმაც არ დავარდებაო! — უთქვამს იმ პოლონელ ექიმს, რომელმაც სააკაშვილის ნეხვი ნასკში გამონასკვა მალულად და გამოიტანა სამშობლოში წასაღებად. იქნებ პოლონეთში სააკაშვილის უნიკალური გენის ხელოვნურად გამრავლება გადაწყვიტეს, რათა ყველაფერზე წამსვლელი შემსრულებლების რაზმი გამოკვებონ?!

   დავუშვათ, ევროკავშირის დეპუტატები და მესვეურნი, რომლებსაც FARA-ს კანონმა ნიღაბი ჩამოხსნა, ფარისევლები აღმოჩნდნენ, მაგრამ როდემდე არ უნდა წავართვათ ფარი სააკაშვილს — უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მათ მილიონებს უხდის და საქართველოს წინააღმდეგ - სანქციებს, საქართველოში კი ომს, სახელმწიფო გადატრიალებასა და სისხლისღვრას უკვეთავს?!

   და აი, მივადექით „ბოლო გაჩერებას“ — პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ვისაც, თურმე, გვარამია ზეწოლით შეაწყალებინეს! არადა, პარიჟანკას თავის ცხოვრებაში იმდენი ზეწოლა და ქვეწოლა ახსოვს, რომ მას ვერავინ ვერაფერს აიძულებს... აი, ფული — სხვა საქმეა! თუ ევროპარლამენტარები ქრთამებს სიამოვნებით იღებენ, ზურაბიშვილმა რა დააშავა?!

ისე, ეს ორი ადამიანი დღეს ერთმანეთს ისე სჭირდება, როგორც სხვა არავინ დედამიწის ზურგზე, ხოლო ქრთამის მაგივრად ქმრობას რომ შეჰპირებოდა, ზურაბიშვილი სააკაშვილს იმავე დღეს შეიწყალებდა და ყველაფერი „ჰეფი ენდით“, ანუ ქორწილით დასრულდებოდა!

ხუმრობა იქით იყოს და ცხვრის ფარა, ანუ უბრალო ხალხი, ქორწილის მეორე დღეს „პახმელიაზე“ მაინც ფარეხში, და არა „შიგ ევროპაში“ გაიღვიძებს...

აი, ეს უნდა გახსოვდეთ თქვენც, ზემორე ხელისმომწერნო!

2023 წლის 23 ივლისი
საქართველო, თბილისი