ბატონო კახი!
თქვენ არ გეშინიათ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების, რომლებიც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურისა და დედაქალაქის გარე იერსახის განვითარებას, აქცევს თბილისს მიმზიდველად და კომფორტულად სტუმრებისთვის და, პირველ რიგში, თბილისელებისთვის, რომელთა დავალებითაც საქინფორმი მოგმართავთ.
დღეს თბილისის მერია დედაქალაქის რეაბილიტაციის მორიგ პროექტს ახორციელებს - წერეთლის გამზირის, რომელიც მიემართება ცენტრალური ბაზრისა („დეზერტირები“) და რკინიგზის ცენტრალური სადგურისკენ (სავაჭრო ცენტრი „Tbilisi Central”), რომლის მიმდებარე ტერიტორია, გარევაჭრობის გამო, ბინძურ ჯუღრმულად გადაიქცა. დაწყებული თოდუას კლინიკის მიღმა მთელი ტერიტორიით (სადაც პაციენტები ჩამოდიან არა მხოლოდ ყველა რეგიონიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც), ტროტუართან ერთად, დამწვარ „ბავშვთა სამყარომდე“ და ზემოთ, ყოფილ ბორჯომის ვაგზალის და გადასასვლელი ხიდის კიბეებამდე, მარჯვნივაც, მეტროს შესასვლელამდე, დაკავებულია ქუჩის მოვაჭრეებით, რომლებიც აშკარად უნებართვოდ, ანტისანიტარულ პირობებში ვაჭრობენ ყველაფრით, რაც ხელთ მოხვდათ - კვების პროდუქტებით, ძირითადად ხილბოსტნეულით და მწვანილით, ფეხსაცმლით, სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით, თეთრეულით და ძველი წიგნებითაც კი! მიწისქვეშა გადასასვლელები ყარს საზოგადოებრივი ტუალეტის და ძონძების ქიმიური დამუშავებისთვის დამახასიათებელი სუნით, რომლებითაც იქვე ვაჭრობენ. ქუჩის მოვაჭრეები აგრესიით გამოირჩევიან - შეურაცხყოფენ მყიდველებს და ლანძღავენ ერთმანეთს, აქებენ რა თავიანთ საეჭვო ხარისხის საქონელს, რომლის წონაშიც, როგორც წესი, ატყუებენ. ამ ყველაფერს შეესწრო საქინფორმის ჟურნალისტი, რომელმაც თქვენთვის ფოტოები გადაიღო (იხ. ქვემოთ).
ხელთათმანებზე, ხალათებზე, მაცივრებზე, ცივილურ საპირფარეშოსა და ხელების დაბანის შესაძლებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია! საქონელი ინახება იქვე, მიწაზე, ჭუჭყიან მუშამბებსა და ყუთებში, საიდანაც იყიდება, დახეული ჩარდახები ფარავს მაგიდებსა და ფარდულებს, რომლებიც ფიცრებითა და ყუთებით არის შეკოწიწებული. იქვე, პროდუქტების გვერდით, ნაგვის ურნები დგას, მაგრამ პრაქტიკულად იქ მცხოვრები ქუჩის მოვაჭრეები საკვებისა და სხვ. ნარჩენებს ტროტუარზე და გზის სავალ ნაწილზე ყრიან, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კი იძულებულნი არიან მთელი დღე იქ იმორიგეონ, რათა ეს ნაგავი აიღონ! პოლიციელები ცდილობენ არ შევიდნენ კონტაქტში ქუჩის მოვაჭრეებთან, რადგან ამ ჯურღმულების ტერიტორიის გაკონტროლება შეუძლებელია და ღამით, როგორც გვითხრეს, ღმერთმა იცის, იქ რა ხდება...
ბატონო კახი!
მოგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური ვაგზალი და ვაგზლის მოედანი, საიდანაც იწყება საქართველოს დედაქალაქი ჩამომდგარი მატარებლების მგზავრებისთვის, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე იყო არა მხოლოდ ქალაქის სავიზიტო ბარათი, არამედ თბილისელებისთვის საყვარელი ადგილიც, რომელთანაც თითოეულ მათგანს თბილი მოგონებები აკავშირებდა. თბილისის აეროპორტთან ერთად ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი - ტერიტორია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მართლწესრიგსა და სისუფთავეს, აქედან შესაძლებელი იყო არა მარტო საქართველოს ყველა კუთხეში, არამედ საკავშირო რესპუბლიკების დედაქალაქებში, მათ შორის ბალტიისპირეთში მოხვედრაც.
თბილისის ვაგზლის უბედურებები 1982 წელს დაიწყო, როდესაც მიიღეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მისი ულამაზესი შენობის აფეთქების შესახებ (სარქიტექტურული შედევრის „სტალინური ამპირის“ სტილში, რომელში აგებულია საქართველოს პარლამენტი (ყოფილი მთავრობის სახლი), თბილისის ძველი აეროპორტი, მეცნიერებათა აკადემია, „იმელ“-ი (დღევანდელი სასტუმრო „ბალტიმორი”) და სხვა შენობები, რომლებიც ამშვენებს ჩვენს ქალაქს. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ცოცხალი აღარ არის, ამიტომ მას აღარ ვახსენებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სიბერეში იგი მტკიცე სტალინისტი და მორწმუნე ადამიანი გახდა და ასეთად გარდაცვალებამდე დარჩა...
მაშ ასე, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ვაგზლის შენობა მხოლოდ 30 წლის იყო (აშენდა 1952 წელს), ის ააფეთქეს, რადგანაც ვერ დაანგრიეს - იმდენად მყარად იყო აშენებული (როგორც პარლამენტი და ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობის ქვეშ აშენებული შენობა). აფეთქების დღეს მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს სახლების დატოვება სთხოვეს, სკოლებშიც კი სწავლა შეწყვიტეს, რამაც მოსწავლეები ძალიან გაახარა. ახალი პირქუში ბეტონის შენობა არც დაუსრულებიათ - საბჭოთა კავშირი, თბილისის ვაგზალთან განსხვავებით, ადვილად დაანგრიეს და მოსკოვის დოტაციების გარეშე დარჩენილ საქართველოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულების საშუალებაც კი არ ჰქონდა. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი და იქ დევნილები შესახლდნენ...
ბატონო კახი!
თბილისელებს სჯერათ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა თბილისიდან მატარებლები კვლავ ყველა მიმართულებით ივლიან და თბილისის ვაგზლის ადგილი 15-საუკუნოვანი ისტორიის მქონე დედაქალაქის საკადრისად კეთილმოეწყობა. თბილისელები დარწმუნებული არიან იმაშიც, რომ კახი კალაძე, ისევე როგორც თავად ისინი, აღფრთოვანებული როდია „დეზერტირების“ ბაზრითა და „დინამოს“, „კიდობანისა“ თუ „პასაჟის“ სავაჭრო ბაზრებით, მაგრამ ეს ობიექტები შემოღობილი მაინცაა და შედარებით მოვლილი იერსახე აქვს. თუმცა, სანიტარიული პირობები და ხანძარუსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით ე.წ "დინამოს ბაზრობაზე" (ტროლეიბუსების პარკის ყოფილი ანგარები) დიდ შეშფოთებას იწვევს.
თბილისელები გთხოვენ, გააკეთოთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც უკვე დღეს შეგიძლიათ - აიკრძალოს გარევაჭრობა მეტრო „ვაგზლის მოედნიდან“ დაწყებული, ქვემოთ, ტროტუარებზე, თოდუას კლინიკამდე. ასევე, სასურველია, „დეზერტირების ბაზრის“ ირგვლივ და მოპირდაპირედ, ასევე ტროტუარებზე, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის ადგილი აღარ დარჩა და ისინი იძულებული არიან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდნენ. დამეთანხმეთ, ბატონო თბილისის მერო, რომ საქართველოს დედაქალაქი, ჩვენი საყვარელი თბილისი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, ისტორიითა და მაღალკულტურული მოსახლეობით, არ იმსახურებს ჭუჭყს, ჯურღმულებსა და ნახევრად კრიმინალურ ელემენტებს, თანაც - ცენტრში! სხვათა შორის, თანამედროვე მატარებლები აქ ბრუნდებიან და აქედან გადიან აჭარის საზღვაო კურორტებზე, რომლებსაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. არ გვინდა უცხოელებმა იფიქრონ: ”ასეთ სურათს მხოლოდ აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში თუ წააწყდები, არადა ევროკავშირის წევრობაზე აქვთ პრეტენზია!”.
თითქოს ვიღაცამ დაწყევლა ეს ადგილი: ჯერ უნიკალური სადგურის შენობის ააფეთქეს, ახალში აფხაზეთიდან ლტოლვილები შესახლდნენ, მერე გარშემო საროსკიპოები, ნარკო და ქუჩის ვაჭრობა აყვავდა და ბოლოს - ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“, სადაც ხალხმა ყველაფერი დაკარგა... ბატონო კახი, გაწყვიტეთ ტრაგედიების ეს მოჯადოებული ჯაჭვი, დაუბრუნეთ ქალაქელებს, მათ შორის მეზობლად მცხოვრებთ, თუნდაც მშვიდობა და სისუფთავე, და თბილისელები უაღრესად მადლიერი დაგრჩებიან! მოგეხსენებათ, თბილისის საავადმყოფოები დღესაც გადატვირთულია სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, მათ შორის კორონავირუსით დასნეულებული პაციენტებით, რომელთა კერაც სწორედ ისეთ ადგილებშია, როგორიც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტეროტორიაა.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 26 ივლისი
საქართველო, თბილისი