უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ მხარს უჭერს კანონიკური ეკლესიის დევნას

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ გმობს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ კანონიკურ ეკლესიას დევნის, რითაც ცხადყოფს, რომ მხარს უჭერს კიევს ამ საქმეში, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„უკრაინაში მართლმადიდებელი მორწმუნეების დევნის პერიოდში [აშშ-ს] არ გაუკრიტიკებია ზელენსკის დამანგრეველი საეკლესიო პოლიტიკა. ამით, როგორც ჩანს, ნათლად გვანიშნებს, რომ იწონებს თავისი სამეურვეოს უკანონო მოქმედებას“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში.

რუსული საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა „კვლავაც არ შედის გაეროს და სხვა პროფილური ორგანიზაციების პრიორიტეტებში“, ხოლო დიპლომატიური უწყების მიმართვის საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციები „ფორმალური პასუხებით შემოიფარგლებიან“.

„არ არსებობს ადეკვატური პასუხი კიევის მმართველი რეჟიმის ანტიმართლმადიდებლურ პოლიტიკაზე, კანონიკური ეკლესიის უძრავი ქონებისა და საკუთრების ჩამორთმევის მრავალრიცხოვან ფაქტებზე, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მიმართ თვითნებობისა და ძალადობის ფაქტებზე“, — ხაზს უსვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსული მხარის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული კანონიკური ეკლესიის დევნის უდიდესი ტალღა მოაწყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

რუსეთთან მის კავშირზე მითითებით უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება კანონიკური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, ხოლო ქვეყნის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი აკრძალვის შესახებ.

უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა კანონიკური ეკლესიის ზოგ სასულიერო პირს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ზოგი სასულიერო პირის წინააღმდეგ. ამასთან ჩაატარა კონტრდაზვერვითი საქმიანობაც — ეპისკოპოსებისა და მღვდლების, ასევე ეკლესიებისა და მონასტრების ჩხრეკა — ანტიუკრაინული საქმიანობის მტკიცებულებების მოსაძებნად.

sputnik-georgia.com