უცხოეთი
რუსული Дальэнергомаш-ი 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ტექნიკას მიაწვდის

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანამ “Дальэнергомаш”-მა 30-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოსთვის ტექნიკის მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

“ბოლო 30 წლის განმავლობაში ქარხანამ პირველად მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. ასევე, 2023 წელს კომპანიამ უკვე გაუგზავნა ტექნიკა ინდოეთში და ყაზახეთში არსებულ მეტალურგიულ ქარხნებს”. – ციტირებს TACC-ი ხაბაროვსკის რეგიონული მთავრობის განცხადებას.

TACC-ის ცნობით, “Дальэнергомаш”-ი ტექნიკას აწვდის ათზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს. ასევე, კომპანია მუდმივად მონაწილეობს რუსულ და უცხოურ გამოფენებში.

ამავე ინფორმაციით, ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრის დირექტორმა მიხეილ სერგიენკომ აღნიშნა, რომ “ქარხანა ყოველ მოგზაურობას ერთი ან მეტი ხელშეკრულების გაფორმებით ამთავრებს”. ეს კი, მისივე თქმით, საზღვარგარეთ პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას მიუთითებს.

25 ივლისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

იმავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ცნობით, ბათუმთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ.

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში მკვეთრად შეცვალა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზეც. ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.

jam-news.net