უცხოეთი
დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება ქვეყნის მოტყუების მიზნით შეთქმულება და ოფიციალური პროცედურების შეფერხება.

ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და ავრცელებდა ტყუილებს, რომ მან მოიგო, რაც არჩევნების ჩაშლას ისახავდა მიზნად. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღიდან მალევე ტრამპმა „გამოიყენა უკანონო გზები“ არჩევნების შედეგების დივერსიისთვის.

პროკურორების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა წამოაყენა ცრუ პრეტენზიები, ზეწოლა მოახდინა სახელმწიფო და ფედერალურ ოფიციალურ პირებზე – მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე – არჩევნების შედეგების შესაცვლელად და საბოლოოდ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმა აშშ-ის კაპიტოლიუმზე, რაც მიზნად ისახავდა აშშ-ის დემოკრატიის შერყევას.

ბრალდებაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მოხსენიებულია ექვსი თანამოაზრე, რომელთა ვინაობაც დასახელებული არ არის და მათ თანაშეთქმულები უწოდეს.

პროკურორების თქმით, ექვსი თანამოაზრე დაეხმარა ტრამპის ცრუ განცხადებების გავრცელებას არჩევნების გაყალბების შესახებ.

ტრამპი უკვე გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კამპანიის ჩაშლას და ხელისუფლებაში დაბრუნების აღკვეთას. გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი ერთპიროვნულად ლიდერობს.

1tv.ge