საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა უნგრულ გამოცემა Index-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ომი უკვე წელიწად-ნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ სამხედრო გადაწყვეტილებას, რომელიც შედეგად გამოიღებდა სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე მოსაზრება გამოვთქვი უკრაინის პრეზიდენტთან, საჯაროდაც და პირადადაც“, – განაცხადა კატალინ ნოვაკმა.
ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი აპირებს, უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ შეუერთდეს. კატალინ ნოვაკის თქმით, უნგრეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავის მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას. ასევე, მისი განცხადებით, უნგრეთი მტკიცედ გმობს რუსეთის ინტერვენციას.
23 აგვისტოს უნგრეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, ასევე მოლაპარაკებები გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
1tv.ge