უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობიდან გადადგა

 საქართველო, 1 სექტემბერი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს გადადგომის წერილით მიმართა. რიში სუნაკისადმი მიწერილ წერილში ბენ უოლესმა მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, არ განიხილოს თავდაცვა, როგორც „დისკრეციული ხარჯები“.

ბენ უოლესმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომა სურდა.

უოლესი სამხედრო ხარჯების გაზრდის აქტიური მხარდამჭერია. ის განიხილებოდა, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოტენციური შემცვლელი, თუმცა სტოლტენბერგს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს.

გადადგომის შესახებ ოფიციალურ წერილში უოლესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, არ შემცირდეს თავდაცვის ხარჯები.

„მე ვიცი, თქვენ მეთანხმებით, რომ ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ დღეებს, როდესაც თავდაცვა მთავრობის მიერ განიხილებოდა, როგორც დისკრეციული ხარჯი და ეკონომია მიიღწეოდა დაცარიელებით“, – აღნიშნავს უოლესი.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა საპასუხო წერილში შეაქო უოლესის მუშაობა.

„თქვენ ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას მთავრობის სამ ყველაზე მოთხოვნად თანამდებობაზე: თავდაცვის მდივანი, უსაფრთხოების მინისტრი და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი. მე სრულად მესმის გადადგომის თქვენი სურვილი მინისტრის მძიმე მოვალეობების რვა წლის შემდეგ“, – წერს სუნაკი.

1tv.ge