პუბლიკაციები
საქართველო 2030 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან 1 მლრდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას გეგმავს

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მიზანია 2030 წლისთვის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის. რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.

ბოლო წლების განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული მარკეტინგის კუთხით ღვინის იმ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ 5-6-ჯერ გავზარდეთ მოსავლიანობაც, ექსპორტის მაჩვენებლებიც... ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყოს ექსპორტიდან შემოსავალი ღვინის და სპირტიანი სასმელების კუთხით", – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, ღვინის მარკეტინგის მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონი ლარი იხარჯება და უწყება გააგრძელებს მიზნობრივ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

ათი წლის წინ ღვინის ექსპორტი შეადგენდა 20 მილიონ ლიტრს, წელს ველოდებით დაახლოებით 120 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტს. თანხაში რომ შევაფასოთ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ექსპორტზეა საუბარი ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაწილში. ეს არის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ჩვენი მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის", – თქვა მან.

დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.

მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.

გარდა ამისა, ფერმერები უამინდობის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციასაც შეძლებენ. ასეთ მოსავალს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო 1 კილოგრამს 90 თეთრად ჩაიბარებს.

წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.