საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. „ინფორმაცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაშია მიღებული, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტი დაუყოვნებლივ დაიწყოს“, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესმენმა ბეტ ვან დეინმა განაცხადა. ინფორმაციას newsmax.com ავრცელებს.
მისი თქმით, იმპიჩმენტის გამოძიების ჩატარებას ის ივლისიდან ითხოვს და ახლა იმედი აქვს, რომ ეს პროცესი სექტემბერში დაიწყება.
„ჯერ კიდევ ივლისში ჩვენ ვიცოდით, რომ ბაიდენმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენის საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა და საუბარი აღარ ჰქონია. ჩვენ კი დავადგინეთ, რომ ასეთი საუბარი შედგა, ინფორმაცია პირველწყაროდან გვაქვს“, - განაცხადა ვან დეინმა.
კონგრესმენის თქმით, ბაიდენმა იმ პროკურორის გადაყენებას შეუწყო ხელი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ საქმეს აწარმოებდა. ასევე, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი რუს მილიარდერს შეხვდა, რომელიც აშშ-ის სანქციების სიიდან გამოსვლას ცდილობდა და რომლისგანაც ჰანტერ ბაიდენი მილიონობით დოლარს იღებდა. ასეც მოხდა - ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ეს ადამიანი სანქციების სიიდან ამოიღეს.
„ასევე, მილიონობით დოლარი ბაიდენის ოჯახს ჩინეთის კომუნისტურმა კომპანიებმა გადაუხადეს. ბაიდენი კი ამბობს, რომ ჩინელებისგან ფული მის ოჯახს არასოდეს მიუღია“, - ამბობს ტეხასელი კონგრესმენი.
ვან დეინის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და იყოს გამჭვირვალე.
newshub.ge